იან ტრეინორი, ლიუკ ჰარდინგი
15 ნოემბერი 2008
გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გაიზიარა რუსეთის პოზიცია და დაგმო სარაკეტო თავდაცვითი სისტმების ცენტრალურ ევროპაში განთავსების გეგმა, რომელიც პენტაგონმა შეიმუშავა. ამავე დროს, მან მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის, მანამდე ყველას მიერ იგნორირებულ წინადადებას ახალი პანევროპული უსაფრთხოების პაქტის შესახებ.
ორივე პრეზიდენტმა სამხრეთ საფრანგეთში, ნიცაში ევროკავშირისა და რუსეთის სამიტის დასრულებისას გადაწყვიტეს, რომ მომავალ ზაფხულს მოიწვევენ სპეციალურ კონფერენციას, რომელზეც რუსები, ამერიკელები და ევროკავშირის 27 ქვეყანა შეიმუშავებენ ახალი ”ცივი ომის” შემდგომი ”ევროპის” უსაფრთხოების არქიტექტურას”.
მას შემდეგ, რაც დიმიტრი მედვედევმა ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტი პუტინი თანამდებობაზე შეცვალა, მსგავსი პაქტის შემუშავება მისი საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ გზავნილად იქცა. მედევედევის მოწოდება ახალი შეთანხმებისკენ მის რამდენიმე საკვანძო გამოსვლაში გაისმა, მაგრამ ეს წინადადებები დასავლეთის ლიდერებმა უგულებელყვეს მანამდე, სანამ სარკოზიმ მისთვის დამახასიათებელი სიურპრიზი არ მოუმზადა ყველას და დანარჩენებს ინიციატივა ხელიდან გამოსტაცა.
სარკოზიმ განაცხდა: ”ჩვენ შეგვიძლია შეხვედრა 2009 წელს დავნიშნოთ და განვიხილოთ, თუ როგორი შეიძლება იყოს პანევროპული უსაფრთხოების სისტემა მომავალში”.
რუსებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ხელშეკრულება ნატოს გაფართოვებას, პოლონეთსა და ჩეხეთში საეჭვო სარაკეტო ფარების განთავსების შეჩერებას მოახერხებს. იმ დროს, როდესაც ევროპის ლიდერები ინიფერენტულად რეაგირებენ სისტემების განთავსებაზე, ხოლო აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს ბარაკ ობამას ჯერ საკუთარი პოზიცია არ გაუმჟღავნებია, სარკოზიმ გუშინ პროექტს ევროპის უსაფრთხოებისათვის უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
”სარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსება ევროპის უსაფრთხოებას არაფერს შემატებს. ეს მხოლოდ გაართულებს ვითარებას” - განაცხადა გუშინ საფრანგეთის ლიდერმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირს ხელმძღვანელობს. მან გეგმას შეუტია, ამ დროს კი ჩეხი და პოლონელი მინისტრები ერთმანეთს პრაღაში შეხვდნენ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს რაკეტების განთავსებისადმი მხარდაჭერა და ობამას ადმინისტრაციას სიგნალი გაუგზავნეს, რომელშიც პროექტის განხორციელებას სთხოვდნენ.
”მე 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ობამა უარს არ იტყვის სარაკეტო ფარზე” - უთხრა ალექსანდრე ვონდრამ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ Guardian-ს - ”ყველა, ვისაც ნატოს გაძლიერება სურს, სარაკეტო სისტემების მომხრეა”.
საფრანგეთისა და რუსეთის პოზიციების დაახლოება პროამერიკელ დასავლელ ევროპელებსა და აღმოსავლეთ ევროპას, გაანაწყენებს, მაგრამ გერმანიასა და იტალიაში მხარდაჭერას პოვებს, რადგან საქართველოში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, მათ ძალიან სურთ მოსკოვთან პარტნიორული ურთიერთობა.
გუშინ სამიტზე გადაწყდა, რომ მოლაპარაკებები სტრატეგიულ ხელშეკრულებაზე, რომელმაც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს განახლდება. ეს მოლაპარაკებები აგვისტოში რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დროებით შეჩერებული იყო.
სექტემბერში ევროპელებმა მოსკოვს ულტიმატუმი გაუგზავნეს და განუცხადეს, რომ მოლაპარაკებები განახლდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილები და მათი რაოდენობა პრე-კონფლიქტურ მდგომარეობაში დაბრუნდება. რუსეთმა ევროპის ეს მოთხოვნა უგულებელყო. მაგრამ გუშინ სამიტმა ამაზე ყურადღება აღარ შეაჩერა.
”ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კონფლიქტი საქართველოში არც კი მომხდარა. ევროკავშირმა თავისი სისუსტის სახიფათო ნიშნები გამოავლინა” - განაცხადა დევიდ კლარკმა, რუსეთის ფონდის თავმჯდომარემ, რომელიც ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივნის, რობინ კუკის მრჩეველად მუშაობდა.
No comments:
Post a Comment