Sunday, April 27, 2008

რაისი ამბობს, რომ ბრიტანეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანების განსხვავებული გეგმა აქვს

logo_reuters_media_us

სიუ პლემინგი
26 ნოემბერი 2008

ვაშინგტონი (Reuters) - აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ შესაძლოა არ გაიარონ ნატოში ინტეგრაციის ფორმალური ეტაპები, რადგან დიდ ბრიტანეთს აქვს წინადადება, რომელიც ამ სახელმწიფოებს ნატოში გაწევრიანების განსხვავებულ გზას სთავაზობს.

მოსალოდნელია, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის კონდოლიზა რაისიც ბრიტანეთის ”იდეას” ბრიუსელში მომავალ კვირას განიხილავენ, განაცხადა აშშ-ს პირველმა დიპლომატმა. მან აღნიშნა, რომ ის აღარ მოითხოვს ექს-საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ნატოში გაწევრიანების ფორმალური წესების დაცვას. ამ ქვეყნების ალიანსში შესვლას რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

”ეს ბრიტანეთის იდეაა... ჩვენ უნდა განვიხილოთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის შესრულების განსხვავებული გზები”, უთხრა რაისმა ჟურალისტებს, მიანიშნა რა იმ დაპირებაზე, რომელიც გასულ აპრილს, რუმინეთის დედაქალაქში საქართველოსა და უკრაინას მისცეს . ამ დეკლარაციის თანახმად ისინი ოდესმე აუცილებლად მიუერთდებიან ალიანსს.

რაისს ბრიტანეთის გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ ბრიტანეთმა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაერთიანებას, მიანიშნა, რომ არ არის საჭირო ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებული ფორმალური პროცესის უცვლელად შენარჩუნება.

ამერიკის შეერთებული შტატები ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას MAP-ის ეტაპის გავლით გეგმავდა, რასაც ოპონირება გერმანიამ და საფრანგეთმა გაუწიეს. მათი განწყობა კიდევ უფრო გაამყარა საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარმა აგვისტოს ხანმოკლე ომმა.

MAP-ის ფარგლებში ალიანსში ინტეგრაციის მსურველ ქვეყნებს, პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში კონსულტაციას უწევენ, რითაც ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებენ.

რუსეთი, ევროპისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი, ეწინააღმდეგება უკრაინისა და საქართველოს ნატოსთან მიერთებას. ბევრ ევროპულ ქვეყანას არ სურს რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანება და MAP-ის საკითხის ხელახალი განხილვა.

MAP-ის გარშემო მოლაპარაკებები საჭირო აღარ არის

რაისი ამბობს, რომ არ განიხილავს MAP-ს ორი ექს-საბჭოთა რესპუბლიკის ნატოში გაწევრიანების ერთადერთ გზად. ის მიესალმება იმ ნაბიჯებსა და დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ორი ქვეყნის ინტეგრაციას ალიანსში განსხვავებული გზით, მაგალითად, საქართველო-ნატოსა და უკრაინა-ნატოს კომისიების მეშვეობით.

”ამერიკის შეერთებული შტატების ხედვა გაცხადდა ბუქარესტში - მიუხედავად იმისა, რომ MAP-ი ქვეყნებს ალიანსში გაერთიანებისთვის ამზადებს, მაგრამ შეიძლება მოიძიოს სხვა გზაც იმავე მიზნის მისაღწევად” - განაცხადა რაისმა და თქვა, რომ პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოში სხვაგვარად გაწევრიანდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ცდილობენ მშვიდად მოიძიონ პრესტიჟის გადარჩენისა და ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაერთიანების განსხვავებული საშუალებები.

რაისმა თქვა, რომ აბსოლუტურად ცხადია” - საქართველო და უკრაინა მზად არ არიან ნატოში ინტეგრაციისთვის, მაგრამ კომისიების მეშვეობით საკითხის დაყენება იმის სარწმუნო ნიშანი იქნებოდა, რომ ალიანსი მზადაა მათ მისაღებად”.

აშშ-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მოხდება ბრიუსელის შეხვედრაზე, მაგრამ იმედოვნებს, რომ ბუქარესტის სამიტზე ორივე ქვეყნისთვის მიცემული დაპირება მათი ნატოში საბოლოო ინტეგრაციის შესახებ, კიდევ ერთხელ იქნება დეკლარირებული.

გარდა ამისა, ნატოს მინისტრები, ალბათ, გადახედავენ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს კონფლიქტის გამო ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრების შეჩერების შესახებ.

სამშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ რუსეთმა არ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალსიწინებული ყველა პირობა და მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს არ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოსკოვთან, სანამ ის ამ პირობებს არ შეასრულებს.

ომის გამო ვაშინგტონმა და ნატომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივი წვრთნებიც გააუქმეს. ბრაიზამ განაცხადა, რომ ისინი არ განახლდება, სანამ მოსკოვი აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

”ჩვენ ვერ განვაახლებთ სამხედრო წვრთნებს მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას”.

ორიგინალი

No comments: