Friday, April 25, 2008

საქართველოს ომზე მოსმენა ბრაზიან ბრალდებებში გადაიზარდა

logo_reuters_media_us
25 ნოემბერი 2008
მარგარიტა ანთიძე და მეთ რობინსონი

თბილისი – საქართველოს პარლამენტში რუსეთთან ომზე მოსმენა სამშაბათს ჩხუბში გადაიზარდა. კომისიის წევრმა მოსკოვში თბილისის ექს-წარმომადგენელს კალამი ესროლა, როდესაც მან თქვა, რომ აგრესორი საქართველო იყო.

რუსეთი ამბობს, რომ ყოფილ საბჭოთა საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ შეიჭრა, რაც თბილისმა მის სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე შეტევა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთი მისი ქვეყნის ოკუპაციასა და შესბამისად ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

ეროსი კიწმარიშვილმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში, პარლამენტის კომისიას განუცხადა რომ მიღებული ჰქონდა ინფორმაცია "მაღალი რანგის ქართველი ჩინოვნიკებისგან", რომ თბილისი სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე "სამხედრო შეტევას" ამზადებდა.

"რუსეთი ამ ომისთვის მზად იყო, მაგრამ სამხედრო აქცია პირველმა საქართველოს ხელმძღვანელობამ დაიწყო," თქვა მან.

კიწმარიშვილის ჩვენება კომისიის წევრმა სააკაშვილის პარტიიდან, გივი თარგამაძემ გააპროტესტა, საკუთარი კალამი აიღო, ყოფილ ელჩს ესროლა და მისკენ გაემართა. ის გააჩერეს. კიწმარიშვილმა მოსმენა დატოვა.

კომისიის თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა იურისტმა პაატა დავითაიამ თქვა, რომ ყოფილი ელჩის განცხადებები "უპასუხისმგებლო" იყო.

კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა: "მათ სიმართლის მოსმენა არ სურთ".

რუსეთი და ყოფილი საბჭოთა საქართველო ხუთ დღიან ომში ერთმანეთის აგრესორად წარმოჩენის კამპანიას ეწევიან.
დასავლურმა მთავრობებმა რუსეთის ინტერვენცია დაგმეს როგორც "არაპროპორციული" – მან ჯარები ღრმად საქართველოს ტერიტორიაზე შეიყვანა და ბუფერული ზონები შექმნა – თუმცა ასევე გააკრიტიკეს საქართველოც, 7 აგვისტოს ცხინვალზე სამხედრო შეტევისთვის.

კიწმარიშვილი მოსკოვიდან ომამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოითხოვეს, როდესაც რუსეთის რეაქტიულმა გამანადგურებლებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ის ადრე სააკაშვილის ახლო მოკავშირე იყო.

სააკაშვილს ოპონენტები ბრალს დებენ, რომ მან საქართველო ისეთ ომში ჩაითრია, რომლის მოგებასაც ის ვერ შეძლებდა. ათობით ათასი ქართველი დევნილი უსახლკაროდ დარჩა და დიპლომატები ამბობენ, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ამბიციები სერიოზულად დაზარალდა.

თავად სააკაშვილი კომისიას მოწმის სახით პარასკევს ეწვევა.

ორიგინალი

No comments: