ნიკოლას კრისტოფი
19 ნოემბერი 2008
19 ნოემბერი 2008
დაჭრილმა, გაბრაზებულმა ჩრდილოელმა დათვმა თოკი აიშვა - ადამიანებს შიშით თავზარი დაეცათ.
გაფურჩქვნის გზაზე დამდგარი კაპიტალიზმი, ამერიკის თაყვანისმცემელი, თავისი საგადასახადო სისტემით ამაყი, ქვეყანა, რომელმაც მყისიერად გაანადგურა კორუფცია (ძირითადად საგზაო პოლიციის ყველა თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებით). აი, ასეთი მშვენიერი სახელმწიფო გაანადგურა დათვმა.
მთავარ გზას აქ ბუშის სახელი დაარქვეს. ბუში საქართველოს 2005 წელს ეწვია. ყველა სწავლობს ინგლისურს, ხშირად მაკდონალდსის ადგილობრივ ფილიალებში. აქაურები შფოთავენ, როდესაც დასავლეთი მათი რუსეთისაკენ მისწრაფებისადმი ეჭვებს გამოთქვამს.
”ჩვენ გვეგონა, რომ ხელიდან დავუსხლტით, ისინი კი დაბრუნდნენ და ჩვენზე ძალა იხმარეს” - ამბობს ალექსანდრე რონდელი, რომელიც თბილისში კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს - ”დასავლეთში კი ამბობენ, რომ ჩვენ მათ უნდა დავუძახოთ და სტუმრობა ვთხოვოთ”.
საქართველოს დღევანდელობის არქიტექტორი მიხეილ სააკაშვილია. მიშა საყოველთაოდაა ცნობილი: ახალგაზრდა, ბრწყინვალე, ქარიზმატული, ამერიკული განათლებით, მისი მთავრობის წევრებიც მასავით არიან. ისეთი განცდა გაგიჩნდებათ, რომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობა, თავისი ამერიკელი პარტნიორებისგან განსხვავებით ორჯერ უფრო ახალგაზრდა და ორჯერ უფრო მაღალი I.Q.-ს მფლობელია.
ქართველებს, რომელთაც აგვისტოს ომში დათვისგან მაგრად მოხვდათ, ძალიან უნდათ ნატოში შესვლა. იმ მცირე საკითხთა ნუსხაში, რომელთან დაკავშირებითაც ობამა და მაკკეინი საარჩევნო კამპანიის დროს შეთანხმდნენ, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესია.
რეალურად კი ეს საშინელი იდეაა. არჩეულ პრეზიდენტს ბარაკ ობამას, თუ ჩვენ ახალი ცივი ომის თავიდან აცილება გვინდა, რუსეთთან ახალი მიდგომის გამომუშავება სჭირდება, მით უფრო, რომ ჩვენ მიშასადმი მიკერძოებული დამოკიდებულების გადალახვაც უნდა შევძლოთ.
დააკვირდით და დაინახავთ, რომ საქართველო სულაც არ არის დემოკრატიის მანათობელი შუქურა, როგორც ეს ამერიკელებს ხანდახან ეგონათ.
”ჟურნალისტებს ეკრძალებათ რეალური ფაქტების გადმოცემა” - ამბობს ტელეჟურნალისტი სოფო მოსიძე - ”თუ რუსულ ტელევიზიას შეხედავთ და მერე ქართულს, ნახავთ, რომ ეს ერთი და იგივეა - სახელისუფლებო პროპაგანდა”.
მოსიძე ნაწილობრივ იმიტომაა კატეგორიული, რომ ტელევიზია, რომელშიც ის მუშაობდა ერთი წლის წინ სპეცდანიშნულების რაზმებმა დალაშქრეს , ამ დროს კი მას საინფორმაციო გამოშვება მიყავდა. მან გვითხრა, რომ ჯარებმა გამორთეს არხის სიგნალი და ზოგიერთ ჟურნალისტს სცემს. ტელეარხმა მალე განაახლა მაუწყებლობა, მაგრამ სახელისუფლებო ტელევიზიის სახით. მართლაც დღეს მომუშავე ნაციონალურ ტელეარხთა უმეტესობას მთავრობა ეფექტურად აკონტროლებს.
მერე კი აგვისტოს ომი მოხდა. დღემდე არ არის ზუსტად ცნობილი, როგორ დაიწყო ომი. სარწმუნოდ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - მიშას ნარატივი, რომლის მიხედვითაც, ეს რუსების არაპროვოცირებული შეტევა იყო და ქართველები იძულებულნი გახდნენ დაეცვათ თავისი ტერიტორია - ნონსენსია.
ყველაზე მისაღები ახსნა ასეთია - რუსეთის ხანგრძლივი პროვოკაციებისგან დაღლილმა და ამერიკისგან შეგულიანებულმა მიშამ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი დაინახა. ეს გაუგონრად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო, ხოლო როგორც Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა დააფიქსირა, საქართველოს ჯარმა (რუსებთან ერთად) მშვიდობიანი მოქალაქეები კასტური ყუმბარებით დაბომბა.
”ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო” - ამბობს ნინო ბურჯანაძე, მიშას ყოფილი მოკავშირე, რომელმაც გასულ თვეში ოპოზიციური პარტია შექმნა - ”შეცდომების გამო ჩემი ქვეყანა იმ ომში აღმოჩნდა ჩათრეული, რომელიც უნდა წაეგო”.
რუსეთმა საქართველოს ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო უპირატესობა მოიპოვა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და რომ არა ამერიკისა და ევროპის პროტესტი, რუსეთის ჯარს შესაძლოა თბილისიც აეღო.
მას შემდეგ შეერთებული შატატები საქართველოს 1 მილიარდი დოლარით დახმარებას დაპირდა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სამხედრო დახმარება საქართველოსთვის ფულის ფუჭი ხარჯვაა, რადგან საქართველოს არმია ვერასდროს გახდება ისეთი ძლიერი, რომ რუსეთის ჯარი დაამარცხოს. ამის საპირისპიროდ, ვაჭრობა და ინვესტიციები საქართველოს საერთაშორისო არენაზე ეკონომიკურ წონას შესძენს და შესაძლოა რუსეთის აგრესიის დაცხრობასაც შეუწყოს ხელი.
რეპლიკა მისტერ ობამასთვის: ეს ღამის კოშმარი იქნებოდა - ჩვენი ჯარი ნატოს მეშვეობით მიშასთვის რომ დაგვეკავშირებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ საქართველო ვერ დააკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს მანამ, სანამ საკუთარ ტერიტორიებს მთლიანად არ გააკონტროლებს. მანამდე კი ნატოზე ლაპარაკი, მხოლოდ რუსეთის ნაციონალისტებს გაახელებს.
”ნატო საქართველოს მომავალი არ არის” - ამბობს ემი დენმანი, საქართველოში ამერიკული კომერციული დარბაზის აღმასრულებელი დირექტორი. ”საქართველოს მომავალი ეკონომიკურ ზრდაშია. თუ ისინი შეძლებენ ეკონომკური ზრდის ციკლის განგრძობას, დაცულები იქნებიან”.
იმის გამო, რომ რუსეთი უპასუხისმგებლოდ იქცევა - ამის დასტური თუნდაც რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებებია, რომელთა თანახმად ის პოლონეთთან სარაკეტო დანადგარებს დაყენებას გეგმავს - ობამას ადმინისტრაციის მთავარ ცდუნებად ნატოს ექსპანსია და ევროპაში სარაკეტო ფარის დაყენება იქნება. (ჩვენ ბევრად უფრო კარგად შეგვიძლია ფულის დახარჯვა).
იქნებ ამის ნაცვლად რუსეთთან ჩინეთის მსგავსად თანამშრომლობა ვარჩიოთ და ამასობაში ის არაცივილიზებული ქცევისთვის ვაკრიტიკოთ.
უზნეო დათვების პროვოცირება ფხიზელი დიპლომატიის სუბსტიტუტად ვერ გამოგვადგება. ჩვენ სულაც არ გვინდა, რომ ბარაკი კიდევ ერთი მიშა აღმოჩნდეს.
ორიგინალი

No comments:
Post a Comment