Saturday, April 19, 2008

მსოფლიო 2009 წელს: გაყინული კონფლიქტები

economist
19 ნოემბერი 2008
ჯონ პიტი

The World in 2009-ის ბეჭდური ვერსიიდან 

ევროპის დაუმთავრებელი საქმე

ცივი ომის დასრულებამ მთელს კონტინენტზე სიტუაცია ვერ გაალღო. დღევანდელი ევროპის დამახასიათებელ ნიშანს – მის ტერიტორიაზე "გაყინული კონფლიქტების" მრავალფეროვნება წარმოადგენს. კვიპროსიდან ბალკანეთამდე და ყოფილ საბჭოთა კავშირში, მთელი რიგი ბინძური, პატარა ომები სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით კი არ მოგვარდა, არამედ უბრალოდ მხარეთა პოზიციების გაყინვის გამო გადაიდო.  

ასეთი გაყინული კონფლიქტების უბედურება კი ის არის, რომ მათ ხელახლა გაღვივება სჩვევიათ. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ირგვლივ - სწორედ ამის დადასტურება იყო. ამ რეგიონებზე საქართველომ კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. მოულოდნელი ქართული ომის გამოცდილება დაეხმარება ევროპას 2009 წელს მის კონტინენტზე არსებული ყველა გაყინულ კონფლიქტზე ყურადღება გაამახვილოს და მათ მოსაგვარებლად ძალისხმევა განაახლოს.

კვიპროსის თურქულ-კვიპროსულ ჩრდილოეთად და (იურიდიულად აღიარებულ) ბერძნულ-კვიპროსულ სამხრეთად დაყოფის შემდეგ 35 წელი გავიდა. ეს პრობლემა ფედერაციის შექმნით დასრულდება, რომელიც ზონურ და სათემო წარმოდგენებზეა დაფუძებული. მრავალი წლის მანძილზე მშვიდობისთვის მთავარ დაბრკოლებას უკომპრომისო თურქი-კვიპროსელი პრეზიდენტი რაუფ დენქაში და ასევე უკომპრომისო ბერძენ-კვიპროსელი პრეზიდენტი ტასოს პაპადოპულოსი ქმნიდნენ. ორივე პრეზიდენტმა ამომრჩევლის ნდობა დაკარგა, მათი მემკვიდრეები მეჰმედ ალი ტალათი და დემეტრის კრისტოფიასი, შეთანხმებას მიაღწევენ.

პრობლემის დარეგულირების გასაღები ევროკავშირია, რომელმაც 2004 წელს (ორად გაყოფილი) კვიპროსი საკუთარ რიგებში მიიღო. თუმცა, თურქეთი, შესაძლოა მთავარ ბარიერად იქცეს, თუკი 2009 წლის განმავლობაში ის დარწმუნდება, რომ ევროკავშირთან მისი მიერთების პერსპექტივა აღარ არსებობს.

ევროკავშირი, ასევე კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული კონფლიქტის გადაწყვეტის მიზეზიცაა. როდესაც ევროპული ქვეყნების უმრავლესობამ, შარშან თებერვალში კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, არსებობდა საშინელი ვარაუდები, რომ მოსალოდნელი იყო ეთნიკური წმენდები და რომ სერბეთი ევროპას ზურგს შეაქცევდა. მაგრამ სერბეთში პრო-ევროპული ზომიერი ძალები ჭარბობენ. 2009 წელს ეს ქვეყანა დე-იურე თუ არა დე-ფაქტო მიიღებს იმ ფაქტს, რომ მისი ყოფილი პროვინცია დამოუკიდებელია, იმის სანაცვლოდ რომ ევროკავშირი მას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დაპირდება.

ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ პრობლემურ კონფლიქტებში არ მუშაობს. ქართველების დამარცხების შემდეგ რუსები საკუთარი გავლენის გაძლიერებას მთელს სამეზობლოში შეეცდებიან. მოსკოვი მოლდვას სამშვიდობო შეთანხმებაზე დაყოლიებას შეეცდება, რომლის მიხედვითაც დნესტრისპირეთში რუსული ჯარი და სეპარატისტული რეჟიმი უნდა დარჩეს. რაც შეეხება მთიან ყარაბახს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული ანკლავის პრობლემის დარეგულირებას, აქ სიტუაცია შედარებით საიმედოა. ყარაბახს 1994 წლის ომის შემდეგ სომხები მართავენ და მნიშვნელოვანია, რომ დღეს თურქეთი და სომხეთი ნორმალური ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ. მაგრამ აქაც რუსები ჩაერევიან და 2009 წელს ამ შეთანხმების ჩაშლას შეეცდებიან.  
        
ყველაზე უარესი იქნება რუსეთის მხრიდან 2009 წელს ახალი კონფლიქტების შექმნისკენ მიმართული ძალისხმევა. ისინი პრობლემებს სამივე ბალტიისპირულ რესპუბლიკაში გააღვივებენ, სადაც დიდი რუსულენოვანი უმცირესობებია. რუსები პრობლემებს შექმნიან უკრინაშიც, სადაც 8 მილიონი ადამიანი, ან მოსახლეობის თითქმის მეექვსედი ეთნიკური რუსია.

მოქმედების ადგილი ყირიმი იქნება, უკრაინის სამხრეთი რაიონი. ყირიმში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა რუსია, უკრაინას რუსეთისგან ხრიუშჩოვის ერთი ხელის დაკვრით 1954 წელს გადაეცა. აქ, სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განთავსებული, რომელსაც 2017 წელს უკრაინასთან საიჯარო ხელშეკრულების ვადა ეწურება. 2009 წელს ყირიმი ყველაზე ცხელ წერტილად გადაიქცევა, ის გვაჩვენებს თუ რამდენად დაიძაბება ურთიერთობა რუსეთს და დასავლეთს შორის.
                
ორიგინალი

No comments: