Monday, September 17, 2007

მორიგი ცივი ომისგან გაქცევა

truthdig_masthead

სკოტ რიტერი
17 თებერვალი 2009

”თუ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, თუ ისინი ნამდვილ პოლტიკად ტრანსფორმირდება, ძალიან კარგი, ჩვენც შესაბამისად ვუპასუხებთ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ამას მაშინვე იგრძნობენ”.

ეს რუსეთის მაგარი კაცის, პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის სიტყვებია, რომლებიც ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ, სულ მალე, რუსეთის ტელევიზიით გადაცემულ პროგრამაში წარმოთქვა. პუტინი შემდეგ შეკითხვას პასუხობდა : განიმუხტება, თუ არა, მისი აზრით, დაძაბულობა აშშ-სა და რუსეთს შორის ახალი პრეზიდენტის მმართველობისას. პუტინმა და მისმა მემეკვიდრემ, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ბოლო რამდენიმე წელი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციასთან სასტიკ სიტყვიერ ორთაბრძოლაში გაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ბუშის არაჩვეულებრივი განცხადების თანახმად, მან ერთხელ პუტინს თვალებში ჩახედა და ”მისი სული დაინახა”, პირადი ურთიერთობა ამ ორ კაცს შორის მაინც დაიძაბა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებსაც რუსეთი სტრატეგიულ მანევრებად აღიქვამდა. ამავე დროს რუსეთი დასავლური დემოკრატიისა და თავისუფალი ვაჭრობის გზას გადაუდგა, არადა სწორედ ამ ორ მომენტს (დემოკრატიას და თავისუფალ ბაზარს) ასაღებდნენ ბუშის ადმინისტრაციის ჰარდლაინერები ცივ ომში შეერთებული შტატების გამარჯვების მნიშვნელოვან მტკიცებულებად. პუტინის თანდათანობითი დაბრუნება ავტორიტარიზმთან ძველ საბჭოთა კავშირს წააგავდა, რაც ეკონომიკის ცენტრალიზაციის პროცესმაც დააგვირგვინა.

ამავდროულად ამერკის გარკვეული ნაბიჯების გამო, რომელთაც მოსკოვის შეკავების მცდელობად განიხილავდა, რუსეთი თავს ხიფათში გრძნობდა: შეერთებული შტატები ანტიბალისტიკური სარეკეტო ხელშეკრულებიდან გამოვიდა; ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი ფარის განთავსებას სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობოდა(რომელიც თითქოს ირანიდან წამოსული ნებისმიერი სარაკეტო საფრთხის საპასუხოდ უნდა გამოეყენებინათ), ნატო აგრესიული ექსპანსიის გამო, რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდა (ვარშავის პაქტის ყველა ყოფილი ქვეყანა ამ პროცესში ჩათრეული აღმოჩნდა, ისევე, როგორც რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ბალტიისპირეთში). ეს ქმედებები, აშშ-ს ერაყში შეჭრასთან და აშშ-ნატოს მიერ ავაღნეთის ერთობლივ ოკუპაციასთან ერთად, რამაც აშშ-ს სამხედრო ბაზებს ცენტრალურ აზიაში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გზა გაუხსნა, სულ უფრო ჰეგემონიური და მილიტარისტული შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ნატოს დაუსრულებელი გაფართოვების შთაბეჭდილებას ქმნიდა.

იმისთვის, რომ აშშ-ს ძალაუფლების ექსპანსია და რუსეთის მახლობელ რეგიონებში მისი გავლენა შეეჩერებინა, მოსკოვი თავის ძველ მეტოქეს, ჩინეთს შეუთანხმდა და ორივე ერთად შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (შთო) გაწევრიანდა. ცენტრალური აზიის ოთხ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი) თანამშრომლობით რუსეთმა და ჩინეთმა ევრაზიული გეოპოლიტიკური კოორდინაციის მექანიზმები შემოიღეს, რომელიც ძლიერ სამხედრო კომპონენტს შეიცავდა. ამ კომპონენტს არა მარტო ისლამისტი ტერორისტები უნდა ეკონტროლებინა, არამედ ამერიკა და ნატოც. ბუშის ადმინისტრაციამ თავიდან ამ ახალ ორგანიზაციას დიდი ყურადღება არ მიქცია, მაგრამ 2006 წლიდან, როდესაც შთო-ს შეხვედრას ინდოეთი, პაკისტანი და ირანი დამკვირვებლების სტატუსით დაასწრნენ, სხვა გზა აღარ დარჩა გარდა იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ყურად ეღო. ამ დროიდან მოყოლებული შთო იმ უმთავრეს რეგიონულ ძალად იქცა, რომელმაც ისეთი ქვეყნების ყურადღება მიიზიდა, როგორიცაა ავღანეთი (თუნდაც აშშ-ს ინიციატივით მიმდინარე ოკუპაციის პირობებში), ახალი ზელანდია, აშშ-სა და ნატოს ძველი პარტნიორი. ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, უზბეკეთმა და ყირგიზეთმა, რომლებმაც მანამდე აშშ-ს ჯარს თავის საჰაერო ბაზების გამოყენებაზე თანხმობა უთხრეს, უკვე აღარ ეგებოდნენ ფიანდაზად აშშ-ს და ამერიკული ჯარი უახლოეს დროში ამ ბაზების დატოვებისთვის მოემზადა.

იმის ნაცვლად, რომ ხელახლა გადაესინჯა აშშ-ს ნაბიჯების შედეგები და რუსეთის კონტრაქტივობა, იმის მაგივრად, რომ ჩამოეყალიბებინა გაძლიერებულ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ახალი სტრატეგია და ამით დაეცხრო უთანხმოება, ბუშის ადმინისტრაციამ განაცხდა, რომ ვარშავის პაქტის ყოფილ ქვეყნებში, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო ბალისტიკური სისტემების განთავასებას და აქედან ოპერირებას აპირებს. სისტემა, რომელსაც, თითქოს, ირანის მიერ ევროპაზე მიმართული შორი დამიზნების რაკეტების პრობლემა უნდა გადაეწყვიტა, რუსეთმა ისე აღიქვა, როგორც ნატოს მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხის ესკალაცია. სარაკეტო ფარის მეშვეობით, რომელიც ნებისმიერი საპასუხო დარტყმისგან თავდასაცავად იყო გამიზნული, შეერთებულ შტატებსა და ნატოს, თეორიულად შეეძლოთ რუსეთის სამიზნეებზე წინმსწრები შეტევა განეხორციელებინათ. რუსეთის პროტესტს დაგეგმილი ინსტალაციის წინააღმდეგ ყური არავინ მიუგდო.

როდესაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთი და საქართველოს რესპუბლიკა კავკასიაში მწვავე რეგიონალურ კონფლიქტში ჩაერთვნენ, სიტუაცია აშშ-ს, ნატოს მის მოკავშირეებსა და რუსეთს შორის კიდევ უფრო გაუარესდა, რამაც უმალ გამოიღო გლობალური შედეგები. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის ხალხს დაპირდა, რომ ის ქვეყანას სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელახალი ოკუპაციით გააერთიენებს. აგვისტოს დასაწყისში იმის საპასახუდ, რასაც თავად რუსულ პროვოკაციად მიიჩნევდა, სააკაშვილმა ქართულ ჯარი სამხრეთ ოსეთში შეიყვანა . რუსეთმა მასიური კონტრშეტევით უპასუხა, რის შედეგადაც ქართულ ჯარს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დაატოვებინა, არამედ საქართველოს ტერიტორიაზეც შეიჭრა, ქართული საპორტო ქალაქის, ფოთის ოკუპირება მოახდინა და საქართველოს დედაქალაქს, თბილისსაც კი დაემუქრა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე შიდა დისკუსიები მიმდინარეობდა. რუსეთმა საქართველოზე დარტყმით ცხადი გახადა, რომ მოსკოვი ასეთი აქციების მიმართ შეუწყნარებელი იქნება. აშშ-მ საპასუხოდ საბრძოლო ხომალდები, ნატოს საზღვაო ძალების ნაწილი, შავ ზღვაში გააგზავნა. რუსეთმა, თავის მხრივ, საზღვაო ფლოტის მცირე შენაერთი და მძიმე ბომბდამშენები ვენესუელაში გაუშვა. არც ერთი აქცია სერიუზულ სამხედტო საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ერთად ისინი ერთ რამეზე მეტყველებდნენ - ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის პირობებში აშშ-რუსეთის ურთიერთობათა გაუარესების მასშტაბებზე.

ორიგინალი

No comments: