Wednesday, July 16, 2008

შეერთებული შტატები რუსეთსა და ირანს ბირთვულ სფეროში ახალ ნიშნებს უგზავნის

le_monde 
ნატალი ნუგაირედი

ჯოზეფ ბაიდენი მიუნჰენში იმიტომ ჩავიდა, რომ ”მსოფლიოსთან ურთიერთობაში” ამერიკის შეერთებული შტატების ”ახალი ტონი” სარწმუნო გაეხადა. 7 თებერვალს, მიუნჰენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მართლაც მისთვის სასურველი აუდიტორია დახვდა. მისმა იქ ყოფნამ, მითუმეტეს მისმა გამოსვლამ, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად ისწრაფვის ამერიკა 21-ე საუკუნის ხიფათებთან გასამკლავებლად თავის ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან ურთიერთობები განაახლოს და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების პოლიტიკისგან მომავალში თავი შეიკავოს: ” ჩვენ ერთმანეთს მოვუსმენთ, ჩვენ კონსულტაციებს გავმართავთ,” თქვა მან.

ევროპელებმა, რომლებიც დარბაზში ძირითადად ნიკოლა სარკოზისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სახით იყვნენ წარმოდგენილი, იცოდნენ, რომ ასეთი შემობრუნება მოხდებოდა, ამას ელოდნენ კიდეც, განსაკუთრებით გუანტანამოს პატიმრების მიღებისა და ავღანეთში სამხედრო ძალისხმევის გაძლიერების თაობაზე. ”ამერიკა უფრო მეტსაც გააკეთებს, ეს კარგი სიახლეა,” აღნიშნა ბატონმა ბაიდენმა და ღიმილით დაამატა ”ცუდი სიახლე ის არის, რომ პარტნიორებისაგან ის უფრო მეტს მოითხოვს.”

ამერიკელების გზავნილი ორი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი: ირანი და რუსეთი, რაც ბუშის მხრიდან დიდი მცდელობის საგანი იყო. წლების განმავლობაში მოსკოვი თეირანს გარკვეულ დიპლომატიურ პროტექციასა და სამხედრო მომარაგებას სთავაზობდა, და სამხედრო ბირთვულ სფეროსთან დასაახლოებლად თავის მხრივ მცდელობებს არ წყვეტდა. ჯოზეფ ბაიდენმა ორი ერთმანეთზე გადაბმული საქმე, ორი საცდელი ბურთულა წარმოადგინა.

პირველად მოსკოვის მისამართით: ამერიკელების ანტისარაკეტო ფარის გეგმის ამუშავება ევროპაში, სრულად არ გადადებულა. ის მხოლოდ შეჩერებულია: ”ჩვენ ანტისარაკეტო თავდაცვის გაძლიერებას გავაგრძელებთ,” თქვა ბატონმა ბაიდენმა, ” რომ ბალისტიკური რაკეტების სფეროში, ირანის გაზრდილ შესაძლებლობებს წინ აღვუდგეთ”. მაგრამ ეს გაკეთდება ” ტექნოლოგიური პირობების განვითარების გამოცდისა და მათი დარტყმის დაზუსტების პარალელურად”, მნიშვნელოვანი საკითხია: ”ჩვენ ამას მხოლოდ თქვენთან, ჩვენს მოკავშირეებთან ნატოში და რუსებთან კონსულტაციების შედეგად გავაკეთებთ,” დასძინა ვიცე-პრეზიდენტმა.

რუსეთთან მიმართებაში, ბაიდენმა განაცხადა: ”გადავხედოთ იმ უამრავ სფეროს, რომელშიც ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია და ვითანამშრომლოთ,” განაცხადა მან.

” ჩვენ სალაპარაკოდ ვართ განწყობილნი,” თქვა ბაიდენმა. ვაშინგტონს პრაქტიკული შეთავაზება აქვს: ”გააგრძელებთ დღევანელ ხაზს - ზეწოლასა და იზოლაციას მიიღებთ. კანონით აკრძალულ ბირთვულ პროგრამას მიატოვებთ და ტერორიზმის მხარდაჭერაზე უარს იტყვით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გექნებათ,” დასძინა მან ირანის ხელმძღვანელობის მისამართით, რომლებმაც მიუნჰენში პარლამენტის თავმჯდომარეს - ალი ლარიჟანი აფრინეს.

ამრიგად, სტრატეგია იკვეთება. ვაშინგტონი მოსკოვს თითქოს გეოპოლიტიკურ გამარჯვებას სთავაზობს (ანტისარაკეტო ფარის საკითხის გაყინვა), ბირთვული პროგრამის ჩაკეტვის სანაცვლოდ, იცის რა თეირანზე მოსკოვის ძლიერი გავლენის შესახებ. 2008 წლის სექტემბრიდან რუსეთი გაერთიანებული ერების უშიშროების სხდომაზე თეირანის წინააღმდეგ ყველა ახალ სანქციას ბლოკავდა. ჭადრაკის ამ დიდ დაფაზე დროის ფაქტორი თავის როლს ითამაშებს. ირანის პრეზიდენტის არჩევნები ივნისისთვისაა ნავარაუდევი.”ამერიკელები ნახავენ რა მოგების მიღებას შეძლებენ რუსეთთან მიმართებაში”- კომენტარს აკეთებს რეპლიკის სახით ერთ-ერთი ევროპელი პასუხისმგებელი პირი.

თავის მხრივ, ნიკოლა სარკოზი დებატების გარდა, ირანის ბირთვულ პროგრამაში რუსებთან თანამშრომლობის აუცილებლობას დაჟინებით ითხოვდა. ერთ-ერთი გამოსვლისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის ”ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებას ” მხარს დაუჭერდა. რუსეთი ამ საკითხში ეტყობა აუქციონზე ფასის აწევით არის დაინტერესებული და ევროპაზე თავის გავლენის თაღს სურს გამაგრებისათვის ბოძიც შეუდგას. პრესის წინაშე რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა ივანოვმა ”ფრთხილი ოპტიმიზმი” გამოთქვა ვაშინგტონთან ურთიერთობის საკითხებზე, ირანის ბირთვულ პროგრამაში ღრმა ჩახედვის გარეშე.

კულუარებში, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები ბატონი სარკოზის ერთი ფრაზის გამო ”მე არ ვფიქრობ, დღევანდელი რუსეთი ევროკავშირისა და ნატოსთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენდესო” გაღიზიანებულები ჩანდნენ. ისინი ბატონი ბაიდენის სარკოზის წინააღმდეგ მიმართული მოულოდნელი ხუმრობითაც გაერთნენ. სარკოზიმ თავი მანამ შეიქო, სანამ ამერიკის ვიცე პრეზიდენტის გამოსვლას მოისმენდა.

ამერიკის მხარემ, აირის კრიზისთან დაკავშირებით აქცენტი ევროპის მომარაგების დივერსიფიცირების საკითხებზე გაამახვილა. აქვე ანგელა მერკელმა გაიხსენა, რომ ნატოს კარი უკრაინასა და საქართველოსთვის ღია რჩება, მაგრამ გარკვეული პირობების ფარგლებში. უსაფრთხოების სფეროში უამრავი საკითხია განსახილველი. ვაჭრობა დაწყებულია.

ორიგინალი

No comments: