14 იანვარი 2009
ვაშინგტონი - სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა ჰილარი კლინტონმა სამშაბათს განაცხადა, რომ ახალი დიპლომატიის მეშვეობით ამერიკას ეყოლება ”მეტი პარტნიორი და ნაკლები მტერი”. მან მიანიშნა, რომ სურს კონტაქტები ირანთან და აპირებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის ბრძოლის გააქტიურებას.
სენატში ხუთსაათიან მოსმენებზე, სენატორმა კლინტონმა განაცხადა, რომ ის და არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა გადახედავენ ბუშის ადმინისტრაციის მიდგომებს და ახალ აქცენტებს დიპლომატიურ თანამშრომლობაზე, კავშირების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გააკეთებენ.
”მე ვფიქრობ, რომ ამერიკის ლიდერობა სასურველი იყო და დღემდე სასურველია”- უთხრა მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომისიას. კლინტონმა აღნიშნა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა არ უნდა ხელმძღვანელობდეს ”ხისტი იდეოლოგიით” და განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციაში ”არ ეჭვობენ დიპლომატიის წამყვანი როლის მნიშვნელობაზე”.
კლინტონს სურს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსების მყისიერი გაზრდა იმისთვის, რომ გაფართოვდეს მისი როლი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და მსოფლიო კრიზისების გადაწყვეტისას განმტკიცდეს მთავრობის ნდობა არამილიტარული ქმედებებისადმი . ამ მოსაზრებას იზიარებს თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსიც.
მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო პრობლემათა მთელ რიგთან მიმართებაში კლინტონის პოზიცია ეხმაურება ბუშის ადმინისტრაციისას. ”ჩვენ ვიხელმძღვანელებთ დიპლომატიით, რადგან ეს გონივრული მიდგომაა” - განაცხადა მან ერთ საკითხზე საუბრისას - ”მაგრამ ისიც ვიცით, რომ ხანდახან სამხედრო ძალაც უაცილებელია”.
მისი გამოსვლა თბილად მიიღეს, მაგრამ რამდენჯერმე იძულებული გახდა ეპასუხა მისი ქმრის საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვებისთვის. დემოკრატებმა, ისევე, როგორც რესპუბლიკელებმა შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ფონდისთვის გაღებული შეწირულობანი შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
სენატორმა ინდიანადან, რიჩარდ ლუგარმა, კომიტეტის ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა ხელმძღვანელმა, მოუწოდა კლინტონს გამორიცხოს თავისი ფონდიდან უცხოური შეწირულობები . მისი თქმით, ფონდი ქმნის ”სპეციფიკურ სირთულეს”, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ უცხოური შენატანები მოტივირებული იქნება ყოფილი პრეზიდენტის ცოლთან უპირატესობის მოპოვების იმედით.
კლინტონმა დაიცვა მეუღლე და განაცხადა, რომ კონტრიბუტორთა სახელების გამომზეურება სცილდება მთავრობის ეთიკის მეთვალყურეთა მიერ დაწესებულ მოთხოვნებს.
”არა აქვს მნიშვნელობა როგორ ვიმოქმედებთ, ყოველთვის გამოჩნდებიან ისინი, ვინც (განაცხადებს), რომ არსებობს კონფლიქტი”- აღნიშნა კლინტონმა.
სენატორმა ჯონ კერიმ, კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ, განაცახადა, რომ ლუგარის შეშფოთებას სხვებიც იზიარებენ.
ობამას გარდამავალ გუნდთან შეთანხმების თანახმად, კლინტონის ფონდმა უნდა გამოაქვეყნოს თავის წარსულ დონორთა სია და დაპირებისამებრ, ყოველწლიურად უნდა დაასახელოს ახალ დონორთა სახელები იმისთვის, რომ მიიღოს სახელმწიფო დეპარტამენტის ეთიკის სამსახურების თანხმობა უცხოურ დონაციებზე.
კლინტონის ფონდი მუშაობს ჯანდაცვის საკითხებზე, კერძოდ კი შიდსით დაავადებულთათვის განვითარებად ქვეყნებში. ის ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, კლიმატის გლობალური ცვლილებთან და აშშ-ში ბავშვებს შორის ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას,
მეტ მაკკენამ, ყოფილი პრეზიდენტის კომუნიკაციის სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ კლინტონების ”წყვილი ამერიკის ისტორიაში, სხვა ყოფილ პირველ წყვილთა შორის, ფინანსურ საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე ტრანსპარენტულია, ”.
კერიმ განაცხადა, რომ ის ამ კვირას კომიტეტში კენჭისყრას გეგმავს. სენატორი კლინტონი იმედოვნებს, რომ თანამდებობაზე ადვილად დაამტკიცებენ. ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, კლინტონი სენატორის თანამდებობიდან გადადგომას მის ახალ თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ გეგმავს.
წინააღმდეგობრივ ფიგურად მიჩნეული 61 წლის კლინტონის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნის გარშემო დებატები იმართება მისდამი საჯარო მხარდაჭერის განმტკიცების ფონზე. გელაპის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამერიკელთა 65% მისდამი კეთილგანწყობილია. ეს ბოლო ათი დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი სარეიტინგო მაჩვენებელია.
კლინტონი თავის ქალიშვილ, ჩელსისთან ერთად გამოჩნდა. ჩელსი მის ზურგს უკან დაჯდა. ყოფილი პრეზიდენტი არ მოსულა იმიტომ, რომ ყურადღება მისი მეუღლისკენ მიმართულიყო. განაცხადა სპიკერმა.
კლინტონი თავისუფლად ლაპარაკობდა მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე და ისარელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომს ღაზას სექტორში პირველად შეეხო. მან აღიარა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემები რთულად მოსაგვარებელია, მაგრამ აღნიშნა: ”მშვიდობაზე უარის თქმა არ შეგვიძლია”.
”არჩეულ პრეზიდენტს და მე გვესმის - ჩვენ ძლიერ თანავუგრძნობთ ისრაელის სურვილს დაიცვას საკუთარი თავი არსებულ ვითარებაში და გათავისუფლდეს ჰამასის სარაკეტო თავდასხმებისგან” - განაცხადა მან - ”მაგრამ ჩვენ, ამავე დროს, გვახსოვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ტრაგიკული საფასური და ვწუხვართ მშვიდობიანი პალესტინელებისა და ისრაელის მოქალაქეთა სატანჯველის გამო”.
კლინტონი დაეთანხმა ბუში ადმინისტრაციის პოზიციას, როდესაც განაცხადა: ”არ შეიძლება აწარმოო მოლაპარაკებები ჰამასთან, სანამ ის უარს არ იტყვის ძალადობაზე და არ დაემორჩილება წარსულ შეთანხმებებს. ეს ჩემთვის აბსოლუტური მოთხოვნაა. ასეთია შეერთებული შტატების ხელისუფლების პოზიცია, ეს არჩეული პრეზიდენტის პოზიციაა”.
კლინტონს არ დაუზუსტებია, როგორ მოახერხებს ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომის შეჩერებას, ამოცანა, რომლის გადაწყვეტა მას თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მოუხდება.
კლინტონმა აგრეთვე გამოხატა ობამას პოზიცია ირანთან დაკავშირებით - საჭიროა დიპლომატიური კონტაქტები ირანთან ისევე, როგორც სირიასთან. მაგრამ მან უარი განაცხადა დეტალური გეგმის გამჟღავნებაზე და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომავალი ადმინისტრაცია არ აპირებს თეირანზე ბირთვული პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით ზეწოლის შესუსტებას.
აქ ის ისევ დაეთანხმა ბუშის ადმინისტრაციის პოზიციას, როდესაც შესაძლო სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ: ”გამორიცხული არაფერია”.
მან შენიშნა, რომ ობამამ ირანელების მიერ ატომური იარაღის შექმნის შესაძლებლობა პრეზიდენტ ბუში ტრმინებში დაახასიათა: ”მიუღებელი”.
კლინტონმა თქვა, რომ პრეზიდენტ ბუშის მიერ ორგანიზებული ექვსი ქვეყნის მოლაპრაკებები ჩრდილო კორეასთან დაკავშირებით: ” ის სტრუქტურაა, რომელიც არჩეული პრეზიდენტისა და ჩემის აზრით მუშაობს”.
ერაყთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, კლინტონი ინარჩუნებს თავის პოზიციებს, რაც გამოჩნდა, სენატორ რასელ ფეინგოლდის შეკითხვაზე მისი პასუხისას. სენატორმა კითხვა დასვა აშშს-ს ყველა საბრძოლო შენაერთის ერაყიდან 16 თვეში გამოყვანის გეგმაზე.
კლინტონის თქმით, ობამას საბრძოლო ჯარების გამოყვანა ”პასუხისმგებლობითა და დაცულობის გარანტიით, რაც შეიძლება სწრაფად” სურს. მან აღნიშნა, რომ დიდი ქალაქებიდან და პატარა დასახლებული პუქტებიდან ჯარის ”ივნისისთვის” გამოყვანას იმედოვნებს .
საარჩევნო კამპანიის დროს კლინტონი მოითხოვდა სუდანში, დარფურის მიდამოების არასფრენ ზონად გამოცხადებას, რათა სუდანის მთავრობას და მის მოკავშირეებს საჰაერო თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცემოდათ. სამშაბათს ის უფრო ფრთხილი იყო და აცხადებდა, რომ ნაციონალური უსაფრთხოების გუნდი აყალიბებს ”შესაძლო და ქმედით” ვარიანტებს.
კლინტონმა აღნიშნა, რომ აშშ-ს გაფართოებულ დიპლომატიურ კორპუსს მთელს მსოფლიოში ბევრი ისეთი საქმე ელის, რომლებსაც ამ ბოლო წლებში უფრო პენტაგონი წარმართავდა. კლინტონს, გეითსს და სხვა ყოფილ ხელისუფალთ მიაჩნიათ, რომ ბევრ ქვეყანაში, საგარეო ურთიერთობათა სამსახურების ხელმძღვანელებს შეუძლიათ არასამხედრო ვალდებულებები უფრო ეფექტურად და უფრო იაფადაც აღასრულონ.
კლინტონმა ბევრჯერ გააკრიტიკა ბუში, მაგრამ თბილად მოიხსენია წარმავალი პრეზიდენტი რამდენიმე საკითხთან მიმართებაში. მან მაღალი შეფასება მისცა შიდსთან დაკავშირებით გაწეულ მის ძალისხმევას და მოიხსენია პირველი ლედის, ლაურა ბუშის ინიციატივები ავღანელი ქალების უფლებების დაცვასთან მიმართებაში.
No comments:
Post a Comment