Saturday, May 31, 2008

მეგობრებო, გილოცავთ შობა-ახალ წელს!

Happy-New-Year

ერთ-ერთი ჩვენგანი ძალიან დიდხანს აკეთებდა ყოველკვირეულ ისტორიულ გადაცემას. კვირაში ერთხელ ახალი ტექსტი უნდა შეეთხზა, რაც საშინელ რუტინად ექცა. ჰოდა, უნდოდა, თუ არა ერთგვარი ”თემფლითები” გამოიმუშავა: როდესაც აბსტრაქტული და გულის ამაჩუყებელი ფინალური ტექსტი უნდა დაეწერა, ფრაზას: ”დრო სიმბოლური სტრუქტურაა, რომლის მსვლელობაც ცვლილებებით იზომება” (დიდი მადლობა თომას მანსა და მის ”ჯადოსნურ მთას”) ათასგვარად ატრიალებდა: ”დრო, რომლის მდინარებაც ცვლილებებით იზომება, სიმბოლური სტრუქტურაა”; ”სიმბოლური სტრუქტურა, რომელსაც დროს ვუწოდებთ და რომელსაც ცვლილებები მოაქვს...”; ”კონტინუუმი, რომელსაც ცვლილებით ვზომავთ და რომელსაც სიტყვა ”დროით” მოვიხსენიებთ...” და ა.შ. გაუთავებლად.

და აი, ახლა ამ ფრაზას ნებაყოფლობით ვიმეორებთ. დრო, მართლაც, სიმბოლური სტრუქტურაა და ის, ალბათ მართლაც, ცვლილებებით იზომება. მაგრამ იქნებ ჩვენს, მიწიერ დროს მიღმური რეალობა ასაზრდოებს და იქნებ ეს რეალობა ადამიანის მიერ გამოგონილ საზომებს ემთხვევა. იქნებ ნაკიანი წელიწადი მართლა ცუდია იმიტომ კი არა, რომ ეს ადამიანური ცრურწმენაა, არამედ იმიტომ, რომ სადღაც იქ (ზევით, ქვევით, თუ მარჯვნივ, არ ვიცი), სადაც ჩვენი თვალსაწიერი ვერ აღწევს, ნაკიანი წელიწადი იმიტომ გამოიგონეს, რომ მძიმე იყოს და ცუდი.

და თუ ჩვენი ეს მოსაზრება რეალობას ემთხვევა, მაშინ ყველას გილოცავთ უმძიმესი და ურთულესი 2008-ის გასვლას და დამთავრებას. მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე წაიღო: ახალგაზრდა კაცების, რომლებიც ომში იბრძოდნენ და მოხუცების, ვინც მათზე დარდმა გადაიყოლა. კიდევ ათასობით ადამიანი უასახლკაროდ დარჩა და შინ დაბრუნების იმედიც დაკარგა. სამყაროში ისეთი ტექტონური ძვრები მოხდა, რომ ყველა შფოთიან ანალიტიკოსს 1914 წელი და სარაევო გაახსენდა. 2008 ბევრისთვის ილუზიებთან გამოთხოვების წელიც გახდა: მანამდე ყველას მაინც გვჯეროდა, რომ დასავლეთი სიკეთეა, აღმოსავლეთი კი ბოროტება; რომ თავისუფალი ბაზარი სამოთხეა, ხოლო ეკონომიკის რეგულაცია სატანის ინსპირაცია; რომ სადღაც იქ, სადაც ჭეშმარიტებაა, თავისუფალი პრესა მაინც არსებობს და ა.შ.

მაგრამ თუ არ გვინდა ამ მძიმე ნაკიან წელიწადს უსამართლოდ მოვექცეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის არც ისე წყალწაღებული გამოდგა და ბოროტება-სიკეთის ბალანსი ბოლომდე არ დაარღვია: ძალიან ბევრმა პერსონალური უანგარობისა და თავგანწირვის აქტი ჩაიდინა, უამრავმა ადამიანმა ერთი საშინელი ცრურწმენა დაძლია და კანის ფერი მთავარ საზომად აღარ მიიჩნია, რითაც ომსა და ძალადობას უარი უთხრა. რამდენად გამართლდება ამ ადამიანების მოლოდინი, ეს უკვე სხვა საკითხია.

ჩვენს ბლოგს მეგობრები და მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, რომლებმაც მართლაც ხელშესახები, ქმედითი დახმარება აღმოგვიჩინეს და მისი არსებობა მომავალ წელსაც შესაძლებელი გახადეს.

ასე რომ, ჩვენო მკითხველებო და მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს მთელი გულით, მომავალ 2009-ში სიმსუბუქეს, მხიარულებას, ყოველდღიურობით ტკბობის სიამოვნებას გისურვებთ, გისურვებთ იმას, რომ კოლეტქიურმა ბედისწერამ თავი დაგანებოთ და პირადი, პერსონალური ცხოვრებით ცხოვრების უფლება მოგცეთ, აღარ მოგთხოვოთ გმირობა და გამძლეობა და ადამიანური სისუსტეებით გართობის დრო დაგიტოვოთ. ჯანმრთელები იყავით, წარმატებულები, სიმშვიდე მოგეცეთ, უანგარობასთან, გულწრფელობასთან, ერთგულებასთან შეხვედრის ბედნიერება და ბევრი, ბევრი, ბევრი, ძალიან ბევრი, უზომოდ ბევრი სიხარული!

ბლოგ-ტანდემი

No comments: