Tuesday, May 27, 2008

საქართველო:საპარლამენტო კომისიის დასკვნაში სააკაშვილი აგვისტოს ომის გამო არ დაადანაშაულეს

Eurasianet-logo

27 დეკემბერი 2008
გიორგი ლომსაძე

საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სპეციალურად შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ ამას წინათ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღწერილი ომის წინმსწრები მოვლენები საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას შეესაბამება. მაგრამ იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა გარდაუვალი საფრთხის იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება, ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამსახურები.

200 გვერდიან ანგარიშში, რომელიც 18 დეკემბერს თბილისში გამოქვეყნდა, დეტალურადაა აღწერილი იმ მოვლენათა ქრონოლოგია, რომელიც წინ უსწრებდა კონფლიქტს რუსეთთან. კომისიის თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ ანგარიშის სრული ტექსტი პირდაპირ ეთერში წაიკითხა. ანგარიშში გაზიარებულია აზრი, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთის მიერ დიდი ხნის წინათ დაგეგმილი აგრესიის საპასუხოდ მოქმედებდა, ხოლო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაართვა თავი პრეზიდენტმა სააკაშვილმა კრიზისის მართვას, შეკითხვები არ დასმულა. გააკრიტიკეს მხოლოდ თანამდებობის ცალკეული პირები და სამსახურები.

არაპარტიული ნიშნით შერჩეულმა კომისიამ ძირითადი დარტყმა სამხედრო სტრუქტურებს მიაყენა. არასრულყოფილმა დაგეგმვამ ქართული ჯარის ქაოტური უკან დახევა განაპირობა, ხოლო რუსულ ჯარს ქართული შეიარაღების დიდი ნაწილის ხელში ჩაგდების საშუალება მისცა, ნათქვამია დასკვნაში.

ანგარიშში ისიცაა ნათქვამი, რომ სარეზერვო შენაერთებმა ვერ იქონიეს ვერანაირი გავლენა ბრძოლის მიმდინარეობაზე. ”ცუდი მართვის გამო, სარეზერვო სისტემა სრულიად არაადეკვატური და არაკომპეტენტური აღმოჩნდა” - ნათქვამია ანგარიშში.

დასკვნაში ნახსენებია კომუნიკაციის ლაფსუსები და აღნიშნულია, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და საჯარო განცხადებები კეთდებოდა გზადაგზა. ანგარიშის რამდენიმე აბზაცი მიეძღვნა გადაყენებული გენერლის, მამუკა ყურაშვილის განცხადებას. მან შეიარაღებული კონფრონტაციის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედებს ”კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით”. ყურაშვილის უადგილო და გაუფრთხილებელმა შენიშვნებმა რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას დიდი სამსახური გაუწია.

უშიშრობის საბჭომ ასევე დაიმსახურა კრიტიკა - მან ვერ იმოქმედა მოპოვებული სადაზვერვო მასალის შესაბამისად. ”საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საზღვრებთან მიმდინარე რუსულ სამხედრო წვრთნებს... და გახშირებულ თავდასხმებს კონფლიქტის ზონაში განიხილავდა, როგორც ჩვეულ პროვოკაციებს”-ნათქვამია დასკვნაში.

ანგარიში სამხედრო პირებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის სააკაშვილის ჩვენებების საფუძველზე შედგა. მოსმენები ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეროსი კიწმარიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ერთადერთი იყო, რომლის ჩვენებაც ეწინააღმდეგებოდა ადმინისტრაციის პოზიციას. საპასუხოდ ის სამსახურებრივ გულგრილობაში დაადანაშაულეს - მან მოახლოებული საფრთხის შესახებ თბილისი დროზე ვერ გააფრთხილა. ჩვენებაში, რომელიც დისკუსიის საგნად იქცა, კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ადმინისტრაცია კარგა ხანია ფარულად გეგმავდა მოღალატე სამხრეთ ოსეთის ძალით დამორჩილებას. სააკაშვილის ყოფილმა მეგობარმა, კიწმარიშვილმა კომისიას განუცხადა, რომ თბილისმა გეგმა ქმედებებად მას შემდეგ აქცია, რაც ამერიკამ, მფარველებმა ვაშინგტონიდან ”მწვანე შუქი” აუნთო. კომისიამ პროკურატურას ამ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, კიწმარიშვილმა კომისიის დასკვნებს ”ფარსი” უწოდა. მისი აზრით, ამ ”ფარსის” მიზანი ქართული საზოგადოებისთვისა და დასავლელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევაა. ბევრი ოპოზიციური პარტია ასევე მიიჩნევს, რომ ანგარიშის დასკვნები მიკერძოებულია და სააკაშვილის გამართლებას ისახავს მიზნად.

ანგარიში შეიცავს რამდენიმე რეკომენდაციას იმასათან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურებში. პასუხისმგებლობისა და ტრანსპარენტულობის ხარისხის განსამტკიცებლად, ანგარიში სპეციალური საპარლამენტო მისიის შექმნას მოითხოვს. ამ მისიამ მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს შესაბამის რეფორმებს. კომისიამ პროკურატურას სამხედრო დანაშაულებათა გამოძიებაც მოსთხოვა.

კომისიის დასკვნის თანახმად, საქართველო თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, მაგრამ ვიდეოკამერამ შემთხვევით დააფიქსირა, თუ როგორ აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, პაატა დავითაია, რომ კონფლიქტში პირველი ნაბიჯი სააკაშვილის მთავრობამ გადადგა. ”მათ (საქართველოს მთავრობამ) დაიწყეს ომი და ეს ყველაფერი იმიტომაც მოხდა, რომ მცდარ პოლიტიკას ეწეოდნენ”-განაცხადა დავითაიამ ოპოზიციურ ტელეკომპანია ”კავკასიის” ჟურნალისტთან.

კავკასიამ ჩანაწერი ზუსტად იმ დღეს გადასცა, როდესაც კომისიამ ანგარიში გამოქვეყნა. ადმინისტრაციის ოპონენტებმა ვიდეოკომენტარი იმის დასტურად მიიჩნიეს, რომ კომისია სააკაშვილის მითითებებს ასრულებდა. თავის შემდგომ კომენტარებში დავითაია ამტკიცებდა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს, ის ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გულისხმობდა, რომელსაც მთავრობამ ქართულ სოფლებსა და პოზიციებზე ინტენსიური თავდასხმების ფონზე მიმართა.

ორიგინალი

No comments: