Wednesday, April 23, 2008

ვარდების რევოლუციიდან ხუთი წლის შემდეგ - ქმედითი სახელმწიფო

radioliberty

დავით კაკაბაძე
23 ნოემბერი 2008

ყოფილხართ ოდესმე ბედნიერი ჯარიმის გადახდის შემდეგ?

მე ვყოფილვარ. 2005 წელს თბილისში მანქანა არასწორად გავაჩერე. პოლიციელი მომიახლოვდა და მითხრა, წესების დარღვევის გამო ჯარიმა უნდა გადაიხადოო. მერე მე ის გავაკეთე, რაც საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანისგან არ უნდა გაგიკვირდეთ - ინსტიქტურად ქრთამი შევთავაზე.

წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება და უკიდურესი კმაყოფილება - პოლიციელმა უარი მითხრა, განაცხადა, რომ ჯარიმა სრული მოცულობით უნდა გადავიხადო და ქვითარიც კი მომცა. ყველაფერი კანონიერად და პატიოსნად ჩატარდა. ბოლოს, მე სიხარულით გადავეცი ჩემი 40 ლარი, რადგან ვაცნობიერებდი რას ვიღებდი საპასუხოდ - მოქმედ სახელმწიფოს. ეს კი ქართველებს საუკუნეების მანძილზე აღარ ჰქონიათ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თავი ნამდვილ მოქალაქედ ვიგრძენი.

საქართველო ”ვარდების რევოლუციის” ხუთი წლისთავს აღნიშნავს. განწყობა პირქუშია, თვალნათლივ განსხვავდება გასული წლების დღესასწაულებისგან. ეს გასაგებიცაა. რევოლუციამ თავისი ბრწყინვალება დაკარგა და ქართველები შეშფოთებულნი არიან. მაგრამ განხიბვლის წუთების მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ რა მოვიპოვეთ და რამდენად შორს წავედით.

მოსკოვის მარწუხების გადაგდება

იმისთვის, რომ გაიგოთ, რას ვგულისხმობ ”ვარდების რევოლუციამდელ” საქართველოში უნდა გადაინაცვლოთ, დროში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ვერც კი უწოდებდი.

ქვეყანას ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი მართავდა. არ არსებობდა ეფექტური სამთავრობო სისტემა, არ ფუნქციონერებდა ინსტიტუტები, ეკონომიკა არ მუშაობდა. დომინირებდა ნეპოტიზმი, საჯარო მოხელეები არაკომპეტენტურნი ყვნენ, საჯარო სამსახურები - უსუსური, კრიმინალი კი ყვაოდა.

სწორედ ამ სისუსტის გამო იყო რომ რუსეთი, რომლის პოსტსაბჭოთა ლიდერებს არასდროს უთქვამთ უარი თბილისზე პოლიტიკურად და ეკონომიკურად დომინირების სურვილზე -ადვილად ახერხებდა პატარა, სუვერენულ მეზობელზე თავისი მარწუხების უფრო ძლიერად შემოჭერას. მაგალითისთვის, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ”გაზპრომის” მსგავსი ენერგეტიკული გიგანტები ქართულ ენერგოსექტორს ყიდულობდნენ. ძალაუფლების ნებისმიერი ხერხით შენარჩუნების სურვილით შეპყრობილი შევარდნაძე და მისი კლანი, მზად იყვნენ მოსკოვთან კიდევ უფრო დიდ დათმობებზე წასულიყვნენ და მისთვის საქართველოზე სტრატეგიული კონტროლის უფლება მიეცათ.

ამ გადასახედიდან ”ვარდების რევოლუცია” 2003-ში გიგანტური ნახტომი იყო, არა მხოლოდ საქართველოს საბჭოთა წარსულიდან თავის დაღწევის, არამედ რუსეთის პოსტსაბჭოთა მარწუხებიდან გათავისუფლების გამოც.

ამიტომაც არ არის გასაოცარი, რომ კრემლი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან, მისი მმართველობის ძირგამოსათხრელად, ყველა ხერხს მიმართავს. მაგალითად, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, მყისიერად მოსკოვმა ორი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერებს უმასპინძლა, რასაც მეგუბრულ ჟესტს ვერაფრით უწოდებ.

მიუხედავად რუსეთის ხანგრძლივი ძალისხმევისა თბილისში დესტაბილიზაცია გამოეწვია - ეს იყო ენერგორესურსების მომარაგებით მანიპულირება, საქართველოდან იმპორტის აკრძალვა, ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო მიმოსვლის შეჩერება - საქართველომ ღირშესანიშნავი რეფორმები ჩაატარა. კორუფცია მნიშვნელოვნად აღიკვეთა, შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა, საჯარო სამსახურები გარდაიქმნა, ხოლო პოლიციაში ძირეული რეფორმა ჩატარდა.

სამუშაო გრძელდება

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სააკშვილის ხელისუფლების ყველა ქმედება აღმაფრთოვანებს. სულაც არა.

მე, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები პრეზიდენტ ბუშის სასაცილომდე არაზუსტ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველო ”დემოკრატიის შუქურაა”. არ არსებობს არც ერთი მნიშვნელოვანი ტელევიზია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არ კონტროლდებოდეს ხელისუფლების მიერ. სასამართლო სისტემა ძალიან შორსაა დამოუკიდებლობისგან. ხელისუფების საკანონმდებლო შტო სხვა არაფერია, თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლების ნების მორჩილი შემსრულებელი. პრეზიდენტისა და მისი ჩინოვნიკების სტილი ყველაზე მეტად ამ ფორმულას ერგება: ”ჩვენ უკეთ ვიცით, ასე რომ ნუ ერევით” .

ეს ყველაფერი კი იმას მოითხოვს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ისეთივე შეუქცევადი გახდეს, როგორც მისი რუსეთის მარწუხებიდან გათავისუფლებისა და დასავლეთისკენ მისწრაფების პროცესი.

როდესაც ”ვარდების რევოლუციის” ხუთი წლისთავის გაშუქებისთვის ვემზადებოდით, რადიო თავისუფლების საქართველოს სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 50 მოქალაქეს მარტივი შეკითხვა დაუსვა: არის თუ არა საქართველო უფრო უკეთესი დღეს, ვიდრე ეს ხუთის წლის წინ იყო?

არ არის გასაოცარი, რომ პასუხები ”ბევრად უკეთესიდან” ”ბევრად უარესამდე” მერყეობდა. როდესაც 45 წლის მამაკაცი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ სამსახურს დაკარგავს, ის ამ ცვლილებით ბედნიერი ვერ იქნება. აღარაფერს ვამბობთ ათი ათასობით იძულებით გადაადგილებულზე, რომელებიც რუსეთთან ხუთდღიანი ომის შემდეგ სახლებიდან გამოყარეს.

მაგრამ ერთმა რესპონდენტმა იმერეთის პატარა ქალაქიდან, სადაც წყლის, ელექტროენერგიის, გაზის დეფიციტი ოდესღაც ჩვეულებრივი რამ იყო - ყველაზე კარგად ასახა ცვლილებების ჩემეული შეგრძნება. ახლა არა მხოლოდ ეს დეფიციტი აღმოიფხვრა, გვითხრა მან, არამედ გზების მთელი ქსელი აშენდა, რომელიც სოფლებს ერთმანეთთან და პროვინციის დედაქალაქთან, ქუთაისთან აკავშირებს.

ამ კაცმა სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების უპირატესობანი შეიგრძნო, ზუსტად ისე, როგორც მე შევიგრძენი ეს, როცა საგზაო წესის დარღვევისთვის ჯარიმა გადავიხადე.

ვცხოვრობთ, თუ არა დღეს უკეთესად, ვიდრე ხუთი წლის წინ? ჩემი პასუხი ერთმნიშვნელოვანია - დიახ. მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ორიგინალი

No comments: