Monday, June 22, 2009

კრახი და მათრახი



ანდრე გლიუკსმანი
22 იანვარი 2009

როდემდე გაგრძელდება ევროპის სირაქლემის პოლიტიკა, რომელსაც ის კრემლის ”ნავთობ მბრძანებლის” ”გამათბობელი” დიპლომატიის წინააღმდეგ ატარებს? ფილოსოფოსმა და ესსეისტმა ანდრე გლიუკსმანმა გაბედა და დასვა ეს კითხვა.

კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორსაა. ამაში ეჭვი არავის ეპარება. სიტუაცია ფინანსებთან დაკავშირებით უფრო გაყინვის სტადიაშია, ვიდრე გადაწყვეტის. ჯერ კიდევ ადგილი აქვს ”ტოქსიკური” პროდუქტების გაუმჭვირვალობასა და კრედიტების ამოწურვას, ხოლო სოციალურ სფეროში იშვიათად თუ გაბედავს ვინმე იმის მტკიცებას, რომ ცუდი დრო უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან ქარხნების დახურვისა და მილიონობით უმუშევრის ქუჩაში გამოყრის პერსპექტივა ჯერ კიდევ არსებობს. მენტალური საზომი, რომლის გახსენებაც რატომღაც ყველას ავიწყდება, ჯერ კიდევ თავისას გაიტანს. პლანეტის უმაღლესი ჩინები - იგივე გრინსპენი და პოლსონი აღიარებენ (მათ პატიოსნებას საზღაური მივაგოთ, აი თუ გნებავთ სიურპრიზი), რომ მსგავს რამეს არ ელოდნენ და აქამდე ვერ გაუგიათ, რატომ და როგორ მოხდა ეს უბედურება.

”ნდობის აღდგენაზე” პრეტენზია სრული სისულელეა. ნდობა ვის მიმართ? ნდობა რისთვის? როდესაც არცერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოჩნდა, რომელიც ოდნავ პასუხისმგებლობას მაინც გამოიჩენდა. ხელმძღვანელებს ამიერიდან საქმე უნდობლობასთან ექნებათ და ვაღიაროთ - უბრალო ადამიანის სიფრთხილეზე უფრო ბუნებრივი და სამართლიანი არაფერია - ის მის თავს დამტყდარი ზვავის გამო გაბრუებულია.
ამერიკელები კვლავ იმედით ივსებიან, როდესაც საკუთარ ბედს ობამას უკავშირებენ - ახალი, რომელიც არამხოლოდ რჩევებს იძლევა, არამედ ფიქრობს და გეგმავს კიდეც, ყოველთვის იმედისმომცემია. თითები გადააჯვარედინეთ. იმავდროულად ევროპელები მათ დამცველ ევროპასა და ევროს ადიდებენ. სამწუხაროდ, ახალი წლის მილოცვა ერთმანეთისთვის ვერც კი მოვასწარით, რომ ყველაფერი აიწეწა!

ევროკავშირის აღმოსავლეთმა გაყინვა დაიწყო. რადიატორები აღარ თბება, ქარხნებმა ტექნიკური მიზეზების გამო მუშაობა შეწყვიტეს, რუსული გაზი გაქრა. ევროკავშირი აპროტესტებს, ”მოლაპარაკებებს” აწარმოებს, განხილვებს აწყობს, შეთანხმებას შეთანხმებაზე აწერს ხელს, მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია. ონკანი დაკეტილია.
ევროკავშირი მოლოდინშია და არც კიევს და არც მოსკოვს არ ემხრობა, დამკვირვებლებს აგზავნის, რომ შეამოწმოს აქვს თუ არა ადგილი გაზის დატაცებას. ამაოდ. გადის ერთი კვირა, მეორეც. გაზი როგორც არ იყო, ისე არ არის. ბატონი პუტინი მსოფლიოს სატელევიზიო ეკრანებიდან თავს იწონებს და ჯადოსნურ იარაღს იქნევს: გაზი - ეს მე ვარ. სიცივისაგან გაყინული ერები კი ერთი მეორის მიყოლებით მსვლელობას კანოსში აწყობენ, მუდარით, რომ შეაჩერონ ეს შემზარავი თამაში. ევროკავშირს უფრო ქმედითი ზეწოლის მოფიქრების საშუალება არ აქვს, და ორივე მხარეს საჩივრებით ემუქრება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბრიუსელი ”ნავთობ მეფის ” შანტაჟს წამოეგო, ის მხოლოდ მაშინ შეჩერდება, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. მერე ყველაფერს თავიდან დაიწყებს, როცა მას მოესურვება. თანამოსაუბრეებსა და პრივილეგირებულ პარტნიორებს თავისი შეხედულების მიხედვით შეარჩევს და მის ახირებაზე იქნება დამოკიდებული გათბებიან თუ გაცივდებიან ევროპელები.

ევროკომისიას არავითარი გამაფრთხილებელი ზომები არ მიუღია, თუმცა მოსკოვმა კიევს 2006 წლის 1 იანვარს, რომელიც ნარინჯისფერ რევოლუციასა და თავისუფლების სიყვარულში იყო დამნაშავე, აირის ფასი მკვეთრად გაუზარდა. ონკაკი ჩაუკეტა და მთელი ევროპა სიცივისგან თრთოდა. დღესაც იგივე მეორდება, მაგრამ უფრო მკაცრ ფორმებში. კიევმა პასუხი უნდა აგოს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის (2008 წლის აგვისტო) მხარდაჭერის გამო. კრემლის ყოფილი ვასალები მთლიანად უნდა შეიბოჭონ ”ენერგეტიკული” ხუნდებით. ევროპამ კი უნდა აღიაროს რომ ”გაზპრომმა” მას ხელ-ფეხი შეუკრა.

ვინ დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დიდი ფულის ამბავია. აქვს თუ არა მოსკოვს უფლება კიევისგან მოითხოვოს გრძელვადიანი, 1 000 კუბურ მეტრზე - 450 დოლარიანი კონტრაქტის ხელმოწერა, როდესაც 2009 წლის გაზაფხულის კრიზისის გავლენით აირის ფასი შეიძლება 250-300 დოლარამდე დაეცეს? ნავთობი და გაზი - პოლიტიკური იარაღია, ”გაზპრომი” - კრემლის მათრახია, პუტინის პოლიტიკა არავისთვის საიდუმლოს არ წარმოაგდენს. ამას წინათ საფრანგეთში ორი მნიშვნელოვანი წიგნი გამოქვეყნდა, რომლებშიც ამ მტაცებლური მთავრობის ლოგიკაა აღწერილი. ის არამარტო ”ახლო საღვარგარეთს”, მთელ ევროპას უმიზნებს. ის ვინც ენერგეტიკულ მომარაგებას ხელში იგდებს, ევროპული ეკონომიკის გასაღებს მიიღებს. საფრანგეთშიც კი, რომელიც მხოლოდ 15%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, GDF მთელი ზამთრის განმავლობაში უწყვეტი ინტენსივობით მუშაობას ვერ შეძლებს.

ამ სტრატეგიის წინაშე, რომელიც დღესავით ნათელია და დაუფარავი შანტაჟია, ჩვენი კომისიები, პარლამენტი, ევროპული სამიტები, საშიშ უმოქმედობას იჩენენ, თუმცა გაფრთხილებები ყველა მხრიდან მოდიოდა და მე ერთადერთი არ ვიყავი ვინც ათი წლის განმავლობაში განგაშს ტეხდა. უდიდესი მნიშვნელობის პროექტი ”ნაბუქო”, რომელიც რუსეთის მონოპოლიის გვერდის ავლით შუა აზიური ენერგომომარაგების ხელმისაწვდომობისკენაა მოწოდებული, მუხრუჭდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ ბაქოს თურქეთის ტერმინალთან შემაერთებელი ნავთობსადენები რუსული ქვემეხების მოქმედების არეალში მოექცა.
მაშინ, როდესაც გერმანია ”გაზპრომთან” საქმის პირდაპირ წარმოებას ამჯობინებს (North Stream ბალტიის ზღვის გავლით), ისევე როგორც იტალია (Blue Stream) - სიცივის ბატონი ქვეყნებს აშორიშორებს და ბატონობს.

ჯერ კიდევ არავინ დაფიქრებულა უკვე დაწყებულ ზნეობრივ განხეთქილებასა და მერყეობაზე. ვის სჭირდება ევროგაერთიანება თუკი მას არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეები მძიმე ზამთრის უამინდობისგან დაიცვას? რა სარგებელი მოაქვს თავისუფალი სიტყვის რიტორიკას თემაზე: ევროპა ჩვენი ფარია ყოველგვარი ხიფათისგან თავის დასაცავად, როდესაც მისი მოსახლეობის ნახევარი იმის შიშით ცხოვრობს, რომ საავადმყოფოებსა და სკოლებში ტემპერატურა შეიძლება ნოლამდე დაეცეს. 1950-იან წლებში ახლადწარმოქმნილი ევროპული გაერთიანება მხოლოდ მას შემდეგ განმტკიცდა, რაც ”ქვანახშირისა და ფოლადის” ერთობა შეიქმნა. დღეს ჩვენი ამაყი და ეკონომიკურად გაფურჩქნული გაერთიანება უძლური გამოდგა შეექმნა აუცილებელი ენერგეტიკული ბაზა, რომელიც ნებისმიერი გარე მომმარაგებლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მოგვცემდა.ახლა რუსეთი არც თუ საუკეთესო ფორმაშია და პუტინის ზამთრის შეტევითი კამპანია - ყურადღების გადატანის მცდელობა იყო, მაშინ როდესაც მისი ქვეყანა, როგორც სხვა ზოგიერთი ქვეყანაც კრიზისის მორევში იძირება, რუბლის ფასი ეცემა, მარაგები ილევა, ნავთობის შემოსავლები ინგრევა. ის თავისი სირთულეების დამალვას ცდილობს და იუშჩენკო ”მოდით მას ბოლო მოუღოთ” და უკრაინა განტევების ვაცად უნდა აქციოს. მაგრამ ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელებს ხომ არაფერი აიძულებთ თამაშის ეს წესები მიიღონ, მერე განერთხონ და ძლიერისთვის წინააღმდეგობის ვერ გაწევის გამო სუსტი წიხლებით გათელონ. არაფერი, გარდა მათი ინერტული მენტალობისა.

დეგოლი რომელიც 1954 წლის მკაცრი ზამთრის დროს, უსახლკაროების დასახმარებლად აბატ პიერის მოწოდებას მიესალმებოდა, აღნიშნავდა, რომ როცა ”საფრანგეთს სცივა” მასში კეთილშობილი მისწრაფებები იღვიძებენ. დღეს ევროკავშირს სცივა, მისი ელიტა კი მას საფლავს უთხრის. მით უარესი რუმინელების, ბულგარელების, სერბების, ბოსნიელების, უკრაინელებისათვის, რომლებმაც მთელი სისრულით შეიგრძვნეს ენერგეტიკული კრიზისის ”სიამოვნებები”, მით უარესი სლოვაკებისათვის, რომლებიც თავიანთ ნანგრევებად ქცეული AEC-ის გამართვას აპირებენ. მით უარესი ჩვენთვის, ბედის ნებიერთათვის, რომლებიც თავს ვხრით იდეების არქონის გამო, ქვიშაში ვმალავთ და სირაქლემას პოლიტიკას ვაგრძელებთ.

ორიგინალი

No comments: