ბარაკ ობამა
20 იანვარი 2009
თუ კიდევ არსებობს ვინმე, ვისაც ეჭვი ეპარება იმაში, რომ ამერიკა ის ადგილია, სადაც ყველაფერია შესაძლებელი, თუ კიდევ ვინმეს ებადება კითხვა ცოცხალია კი დღეს ჩვენი დამფუძნებლების ოცნება და რამდენად ძლიერია ჩვენი დემოკრატია, ამ ღამეს თქვენ მათ პასუხი გაეცით.
პასუხი ამ კითხვას ბევრით გაეცა: ეკლესიებისა და სკოლების მახლობლად გადაჭიმული რიგებით, რომლის მსგავსიც ამ ერს ჯერ არ უნახავს, ადამიანებით, ვინც სამ, ოთხ საათს ელოდებოდა თავის ჯერს და მათ შორის ამას ბევრი თავის ცხოვრებაში პირველად აკეთებდა. მათ სჯეროდათ, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება, რომ მათი ხმების მეშვეობით შეიქმნება ეს სხვანაირობა.
ეს პასუხი ახალგაზრდებმა და მოხუცებმა, მდიდრებმა და ღარიბებმა, დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა, შავებმა, თეთრებმა, ლათინელებმა, აზიელებმა, ძირძველმა ამერიკელებმა, ჰომოსექსუალებმა, ჰეტეროსექსუალება, უნარშეზღუდულებმა და არანაუნარშეზღუდულებმა გასცეს -ამერიკელებმა, რომლებმაც მსოფლიოს ერთი შეტყობინება გაუგზავნეს: ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ცისფერი და წითელი შტატების ნაკრები, ჩვენ ამერიკის შეერთებული/გაერთიანებული შტატები ვართ.
ეს პასუხია მათთვის, ვისაც უკვე დიდი ხანია ამყოფებდნენ ცინიზმში, შიშში, ეჭვში, მათ ახლა გაიგეს, რომ თუ ყოველი მათგანი შეაწევს ხელს, ჩვენ ისტორიას იმედისა და უკეთესი დღისკენ შემოვაბრუნებთ.
ყველაფერი ეს კარგა ხანია მწიფდება, მაგრამ ამ ღამეს, ამ დღეს, ამ გადაწმყვეტ მომენტში, ამ არჩევნების მეშვეობით, ამერიკაში სახეცვლილებამ შემოაბიჯა.
სულ ახლახანს სენატორ მაკკეინის კეთილშობილური მილოცვა მივიღე. ამ კამპანიის მსვლეობისას ჩვენ ხანგრძლივი და მძიმე ორთაბრძოლა გვქონდა, მაგრამ მისი ბრძოლა ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უფრო ხანგრძლივი და მძიმე იყო. მან ამერიკისთვის ისეთი მსხვერპლი გაიღო, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელია და ჩვენ ამ მამაც, უანგარო ლიდერს პატივისცემით უნდა გადავუხადოთ. მე ვულოცავ მასაც და გუბერნატორ პეილინსაც ყველაფრის გამო, რასაც მიაღწიეს და ველოდები დროს, როცა მათთან ერთად ჩვენი ერის განახლებისთვის ვიმუშავებ.
მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს პარტნიორს, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, კაცს, რომელიც მთელი გულით მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიაში, ელაპარაკებოდა კაცებს, ქალებს, რომლებთანაც ერთად სკრენტონის ქუჩებში იზრდებოდა და შინ დელავერში მატარებლით ბრუდებოდა.
მე არ ვიდგებოდი ახლა აქ, რომ არა აგერ უკვე თექვსმეტი წლის მანძილზე ჩემი საუკეთესო მეგობრის, ჩვენი ოჯახის ბურჯის, მთელი ჩემი სიცოცხლის სიყვარულის, ჩვენი ახალი პირველი ლედის მიშელ ობამას მედგარი მხარდაჭერა. საშა და მალია, ორივენი ისე ძალიან მიყვარხართ. თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ახალი ლეკვი, რომელიც ჩვენთან ერთად თეთრ სახლში იცხოვრებს. და მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ჩვენთან ერთად აღარაა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ბებია, ჩემს ოჯახთან ერთად ახლა მიყურებს- სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ვარ ის, ვინც ვარ. მე ისინი მენატრებიან და ვაცნობიერებ, რომ მათგან უსაზღვროდ ვარ დავალებული.
ჩემი საარჩევნო შტაბის მენეჯერი დევიდ ფლოუფი, ჩემი მთავრი სტრატეგი დევიდ აქსელროდი, პოლიტიკის ისტორიაში საუკეთესო საარჩევნო გუნდი- ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ და ამიტომ მუდამ მადლიერი ვიქნები იმ თავგანწირვისთვის, რომელიც ამ დღისთვის გაიღეთ.
მაგრამ უპირველესად ყოვლისა, მე არადსროს დავივიწყებ მათ, ვინც ეს გამარჯვება მოიპოვა- და ეს თქვენა ხართ.
მე არასდროს ვყოფლვარ ყველაზე შესაძლო კანდიდატთაგანი ამ თანამდებობისათვის. ჩვენ არ დაგვიწყია ბევრი ფულით, ან ბევრი მხარდამჭერით. ჩვენი კამპანია არც ვაშინგტონისდერეფნებში არ დაგეგმილა-ის დეს მოინესის უკანა ეზოში, კონკორდის სასტუმრო ოთახებში, ჩარლსტონის სახლების ზღურბლებზე ჩაისახა.
ის უბრალო ქალებისა და კაცების ძალისხმევით მომაგრდა, მათი ძალისხმევით, ვინც თავისი პატარა დანაზოგიდან ხუთი, ათი, ოცი დოლარი გაიღო. მას იმ ახალგაზრდებმა შესძინეს ძალა, რომლებმაც თავის სახლები და ოჯახები ერთი ბეწო ხელფასისთვის მიატოვეს და იმ სამუშაოს მოეკიდნენ, რომელიც ძილის დროსაც არ უტოვებდა. სწორედ მათ გააცამტვერეს მითი ახალგაზრდა თაობის ინდიფერენტულობის შესახებ. მას ძალა არც თუ ისე ახალგაზრდებმაც შემატეს, რომლებიც არ უშინდებოდნენ სასტიკ სიცივეს, მწველ სიცხეს და სრულიად უცნობ ადამიანებს კარდაკარ უვლიდნენ. მილიონობით ამერიკელი, რომელმაც მოხალისეობა ითავა, ორგანიზება გაუკეთა და ორი საუკუნის შემდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხალხის ხელისუფლება, ხელისუფლება ხალხის მიერ და ხალხისთვის ამ პლანეტაზე ჯერ არ გამქრალა. ეს თქვენი გამარჯვებაა.
მე ვიცი თქვენ ამას მხოლოდ არჩევნების მოსაგებად და მხოლოდ ჩემთვის არ აკეთებდით. თქვენ ეს ყველაფერი იმიტომ მოიმოქმედეთ, რომ კარგად გესმოდათ ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანათა მასშტაბურობა. და მიუხედავად იმისა, რომ ამღამ ვზეიმობთ, ზუსტად ვიცით, რომ ხვალინდელი დღე უზარმაზარ გამოწვევებს გვიმზადებს - ორი ომი, დაღუპვის პირას მისული პლანეტა, საუკუნის ყველაზე საშინელი ფინანსური კრიზისი. ჩვენ ახლა აქ ვდგავართ, მაგრამ გვახსოვს, რომ მამაცი ამერიკელები ამ წუთში ერაყის უდაბნოებსა და ავღანეთის მთებში იღვიძებენ და საკუთარ სიცოცხლეს ჩვენს გამო საფრთხის ქვეშ აყენებენ. მამები და დედები თავის მძინარე ბავშვების გვერდით უძილო ღამეებს შფოთში ათენებენ და იმაზე ფიქრობენ, შეძლებენ კი ხვალ ბინის საფასურის დაფარვას, ბავშვის ექიმისთვის ჰონორარის გადახდას, მათი განთლებისთვის ფულის გადადებას. მაგრამ უნდა გაჩნდეს ძალა, რომელიც გადაწყვეტს პრობლემებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ააშენებს ახალ სკოლებს, დასძლევს საფრთხეს და ააღორძინებს კავშირებს.
ეს გზა გრძელი იქნება. მწვერვალი, რომელიც უნა ავიღოთ- ძალიან მაღალი. შესაძლოა ეს ზეასვლა ერთ და ორ წელიწადში და თუნდაც ერთ საპრეზიდენტო ვადაში ვერ მოვახერხოთ, მაგრამ ამერიკავ, და მე არასდროს ვყოფილვარ ისე იმედიანი, როგორც ახლა, როცა ამ ღამეს თქვენთან ერთად ვარ - გპირდები, ჩვენ ამ მწვერვალს მივწვდებით.
იქნება უკუსვლა და ყალბი სტარტები. ბევრს არ მოეწონება ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც, როგორც პრეზიდენტი, მივიღებ. და იმასაც აცნობიერებთ, რომ მთავრობა ყველა პრობლემას ვერ გადაგიწყვეტთ. მაგრამ ყოველთვის პატიოსნად გეტყვით იმის შესახებ, თუ რა გამოწვევის დაძლევა გვიწვევს. მე თქვენ მოგისმენთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცაზე ვერ შევთანხმდებით. მაგრამ უპირველესად ყოვლისა იმას გთხოვთ, ამ ერის გარდაქმნისათვის სამუშაოში შემომიერთდით, ისე, როგორც ეს ამ ქვეყანაში 221 წლის განმავლობაში ვიცოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ, დაკოჟრილი ხელებით.
ის, რაც 21 თვის წინ, ზამთარში დაიწყო, შემოდგომის ამ ღამეს არ უნდა დასრულდეს. ეს გამარჯვება სულაც არ არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც გვსურდა - ის ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობაა მხოლოდ. და თუ თქვენ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუდებით, არაფერი მოხდება, არაფერი მოხდება თქვენს გარეშე.
მაშ მოდით პატრიოტიზმის ახალ სულს მოვუხმოთ, მსახურებისა და პასუხისმგებლობის სულს, სადაც თითოეული თავის წილ სამუშაოს მეტი გზნებით მოეკიდება და ამას არა მხლოდ თავისი თავისთვის, არამედ ერთმანეთისთვის გააკეთებს. უნდა გვახსოვდეს ის, რაც ამ ფინანსურმა კრიზისმა გვასწავლა - არ შეიძლება ყვაოდეს უოლსტრიტი მაშინ, როცა ჩვეულებრივი ადამიანები იტანჯებიან - ამ ქვეყანაში ჩვენ ერთად წამოვდგებით და ერთად დავეცემით, როგორც ერთი ერი, როგორც ერთი ხალხი.
მოდით წინ აღვუდგეთ ცდუნებას, რომელიც პარტიათა შორის უმწიფარ, მეწვრილმანეობის სულით განმსჭვალულ კინკლაობაში დაგვაბრუნებს, რაც ამდენ ხანს წამლავდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას. მოდით გვახსოვდეს, რომ ამ შტატიდან გამოსულმა კაცმა პირველად შეიტანა თეთრ სახლში რესპუბლიკური პარტიის ბანერი - პარტიისა, რომელიც ჩვენს მთავარ ფასეულობებს ეფუძნება: საკუთარი ძალების რწმენას, პიროვნულ თავისუფლებას და ეროვნულ ერთიანობას. ამ ღირებულებებს ჩვენც ვიზიარებთ და მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ამ ღამით უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, ჩვენ მოთმინებით უნდა ვუმკურნალოთ იმ განხეთქილებას, რომელიც გნავითარებას წინ ეღობობედა. როგორც ლინკოლნმა მიმართა ერს, რომელიც იმ დროს ბევრად უფრო გახლეჩილი იყო, ვიდრე დღეს : ”ჩვენ მტრები კი არა, მეგობრები ვართ... და მიუხედავად იმისა, რომ ვნებები დუღს, ეს ჩვენს შორის კავშირს წინ არ უნდა გადაეღობოს”. და მე მივმართავ იმ ამერიკლებს, რომელთა მხარდაჭერაც ვერ დავიმსახურე - მე ვერ მოვიგე თქვენი ხმები, მაგრამ მე თქვენი ხმა მესმის, მე თქვენი მხარდაჭერა მჭირდება და მე თქვენი პრეზიდენტიც ვიქნები.
მივმართავ მათაც, ვინც ახლა საზღვრებს იქიდან გვადევნებს თვალს, პარლამენტებისა და სასახლეების მიღმა მყოფთ, მათ, ვინც მსოფლიოს გადაკარგულ კუთხეებში რადიომიმღებებთან შეკრებილა - ჩვენ ყველანი უნიკალურნი ვართ, მაგრამ საერთო ბედისწერა გვაქვს და ამერიკის ხელახალი აღორძინების განთიადი თქვენს ხელთაა. მათ, ვინც მსოფლიოს აფეთქებას ცდილობს, უნდა იცოდნენ-ჩვენ მათ დავამარცხებთ. ხოლო მათ, ვინც მშვიდობასა და დაცულობას ეძებს, დავეხმარებით. ვუპასუხებ იმათაც, ვინც ეჭვობდა, კაშკაშებს კი კვლავინდებურად ამერიკის შუქურა - ჩვენი ერის ჭეშმარიტი ძლიერება არც შეიარღებაში, არც სიმდიდრეში, არამედ ჩვენს უკვდავ იდეალებშია, ესენია: დემოკრატია, თავისუფლება, შესაძლებლობანი და მუდმივი იმედი.
ამერიკის სული სწორედ ამაში მდგომარეობს - მას სახეცვლილება შეუძლია. ჩვენი ერთიანობა უფრო სრულყოფილი უნდა გახდეს, ხოლო ის, რასაც უკვე მივაღწიეთ, იმის იმედს გვიჩენს, რომ ხვალაც ყველაფერს მივაღწევთ.
ამ საარჩევნო კამპანიისას ბევრი ისეთი ისტორია გათამაშდა, რომელთაც თაობები გაიხსენებენ. მაგრამ ის, რომელიც ამ ღამეს განსაკუთრებულად მახსენდება, ერთ ქალს ეხება - მან ხმა ატლანტაში მისცა. ის იმ მილიონთა მსგავსია, ვინც გრძელ რიგებში თავის ჯერს ელოდებოდა, მაგრამ დანარჩენთაგან ერთი რამ განასხვავებს - ან ნიქსონ კუპერი 106 წლისაა.
ის მაშინ დაიბადა, როცა მონობა ახლად გადავარდნილი იყო. ეს ის დრო იყო, როცა გზებზე ავტომანქანები არ დაქროდნენ, ხოლო ცაში - თვითმფრინავები, მაშინ მისნაირები ხმას ორი მიზეზით ვერ აძლევდნენ, ერთი იმიტომ, რომ ის ქალები იყვნენ და მეორეც, იმიტომ, რომ მუქი კანი ჰქონდათ.
ამ ღამეს იმაზე ვფიქრობ, რამდენი რამ ნახა საუკუნის განმავლობაში ან ნიქსონ კუპერმა - ტანჯვა და იმედი, ბრძოლა და წინსვლა, ის მოესწრო დროს, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ და მოესწრო ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებდნენ: დიახ, ჩვენ შევძლებთ.
ის მაშინ დაიბადა, როცა ქალებს არავინ უსმენდა, ხოლო მათ იმედებს უგულვებელეყოფდნენ და მოესწრო დროს, როდესაც ქალებმა ხმა ამოიღეს და ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს . დიახ, ჩვენ შეგვიძლია.
მან ნახა, როგორ მოიცვა მთელი ქვეყანა დიდი დეპრესიის სასოწარკვეთამ და როგორ დასძლია ერმა შიში ”ახალი კურსის”, ახალი სამუშაო ადგილების, საერთო მიზნების გაცნობიერების მეშვეობით. დიახ, ჩვენ შეგვიძლია.
როდესაც ჰარბორზე ყუმბარები ჩამოვარდა და მსოფლიოს ტირანია ემუქრებოდა, ის იმის მოწმე გახდა, თუ როგორ დადგა თაობა ფეხზე და როგორ გადარჩა დემოკრატია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია.
ის მოესწრო სელმადან მონტგომერიში წამოსულ პროტესტანთა მარშს და ატლანტელი მქადაგებლის სიტყვებს, რომელმაც ხალხს ასე მიმართა: ”ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ”. დიახ, ჩვენ შეგვიძლია.
მან ნახა, როგორ დადგა მთვარეზე ფეხი კაცმა და როგორ დაინგრა კედელი ბერლინში, როგორ გააერთიანა სამყარო მეცნიერებამ და ჩვენმა ფანტაზიამ. წელს, ამ არჩევნების დროს, ან ნიქსონ კუპერი ხელით შეეხო ეკრანს და ხმა მისცა იმიტომ, რომ აქ უკვე 106 წლია ცხოვრობს, გამოიარა ქვეყნის ზეობისა და უკიდურესი უბედურების წუთები და შესაბამისად ამერიკის სახეცვლილების შესაძლებლობის სჯერა . დიახ, ჩვენ შეგვიძლია.
ამერიკავ, ჩვენ ისე შორიდან მოვდივართ. ჩვენ იმდენს მოვესწარით, მაგრამ უფრო მეტი წინ გველის და ამიტომ მოდით ამ ღამეს საკუთარ თავს ვკითხოთ-თუ ჩვენმა შვილებმა მომავალ საკუნეში უნდა იცხოვრონ, თუ ჩემს გოგონებს ბედი გაუღიმებთ და ან ნიქსონ კუპერივით დიდხანს იცოცხლებენ, რა სახეცვლილებას მოესწრებიან? რისი გაკეთება უნდა შევძლოთ?
ჩვენ ამ მოწოდებაზე პასუხის გაცემის შანსი მოგვეცა. ახლა ჩვენი დროა. ჩვენი ხალხი სამუშაოს უნდა მიუბრუნდეს, რათა ჩვენს შვილებს ყველა შესაძლებლობის კარი ფართოდ გაუღოს, უნდა ააყვავოს ჩვენი ქვეყანა, დაამყაროს მშვიდობა, დაიბრუნოს ამერიკული ოცნება და ხელახლა გააჟღეროს ფუდამენტური ჭეშმარიტება: მრავალთა შორის, ჩვენ ერთნი ვართ. სანამ ვსუნთქავთ, იმედს არ ვკარგავთ და როცა ჩვენს გზაზე ცინიზმს, ეჭვებს და იმათ გადავეყრებით, ვინც გვეტყვის: ”თვენ ვერ შეძლებთ”, ჩვენ, მარადიული რწმენით აღვსილნი, ასე ვუპასუხებთ:
დიახ, ჩვენ შეგვიძლია! ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს ამერიკა!
1 comment:
შთამბეჭდავი სიტყვაა! აშკარა ცვლილებების სუნი უდის. ჩინური წყევლა გამახსენდა: ღმერთმა ცვლილებებს ეპოქაში გაცხოვროსო. არადა ცვლილებების გარეშეც რომ აღარ შეიძლება?
Post a Comment